ჩვენი ქვეყანა ზოგადად და კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გლობალური დათბობის გამო მნიშვნელოვან ადაპტირებას საჭიროებს არსებულ რეალობასთან გარემოს დაცვითი და მდგრადი ადგილობრივი განვითარების თვალსაზრისით.
პროექტის „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ მიზანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, მოსახლეობისთვის სუფთა, მიმზიდველი და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით მწვანე მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის, ინსტიტუციონალიზაციისა და ამოქმედების, იმპლემენტაციის საფუძველზე.
პროექტის ამოცანებია მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის ფორმირება და ჯგუფის წევრებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება; მუნიციპალიტეტის არსებული ბუნებრივი გარემოს სკანირების ღონისძიებების ჩატარება, გლობალური დათბობის ადაპტაციის საჭიროებათა გამოვლენა და შედეგების ფიქსირება; მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია.
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობის წესები. მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შესამუშავებლად მნიშვნელოვანი იქნება კომპეტენტური და მოტივირებული სამუშაო ჯგუფის ფორმირება. ჯგუფი შედგენილი იქნება 12 წევრისგან, რომელთაგან 6 წარმოადგენს მერიას, 4 სამოქალაქო სექტორს და 2 ექსპერტს. ფორმირებული სამუშაო ჯგუფის წევრები აიმაღლებენ ცოდნასა და უნარებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მართვა და მონიტორინგი, გარემოს სკანირება, კვლევების მეთოდოლოგია, სიტუაციის ანალიზი და მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიაში ასახვის წესები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს მდგომარეობის აღწერა და მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და სამი ფოკუს ჯგუფის ორგანიზება ჯამში 45 მონაწილეზე, ორთავე აქტივობა ჩართავს ბენეფიციარებს პროექტის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში სულ გამოიკითხება 500 რესპოდენტი.
სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება 10-ჯერ. განიხილავს არსებულ მდგომარეობას, პროფილს, შეიმუშავებს SWOT ანალიზს, რომლის ბაზაზე შესაძლებელი გახდება სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება, ამ ხედვის შესასრულებლად საპროექტო მიმართულებების, მიზნებისა და კონკრეტული პროექტების ასახვა. საბოლოოდ, მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიული და განხორციელების გეგმები მზად იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე წარსადგენად. გეგმებს წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი. მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრატეგია და განხორციელების გეგმა განიხილება საკრებულოს ყველა კომისიასა და ფრაქციაში. საბოლოოდ, სტრატეგია და გეგმა დამტკიცდება საკრებულოს მიერ, რაც სავალდებულოს გახდის მის შესრულებას.
პროექტის განხორციელების შედეგად, შემუშავებულ და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებულ მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან სტრატეგიასა და განხორციელების გეგმას ექნება განსაკუთრებული ფუნქცია. კერძოდ, კი, მნიშვნელოვნად და სამოქმედო გეგმაში გაწერილ ვადებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთი ქალაქის და 15 სხვა ადმინისტრაციული ერთეულის 55 სოფლის მოსახლეობის მდგრად და გარემოს კონსერვაციაზე ორიენტირებულ განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის 31000 მცხოვრების საცხოვრებელ პირობებს.
პროექტს ახორციელებს კავშირი „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობით. განხორციელების ვადაა 6 თვე. პროექტი ფინანსდება კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) პროექტის, „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“ ფარგლებში. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.