Created on 01 August 2023
Hits: 2260
პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ხორციელდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
პროექტი მიზნად ისახავს:
- მერძევეობისა და მეფუტკრეობის მიწოდების ჯაჭვის მხარეების (ფერმერები, ძირითადი მწარმოებლები, სურსათის სხვა ბიზნესოპერატორები) პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ცოდნითა და გაძლიერებული შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა გაუმჯობესდეს მათი საქმიანიბის შესაბამისობა სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ/ფიტოსანიტარიულ ნორმებთან;
- დაინტერესებული მხარეების (საჯარო, საცალო ვაჭრობის, ფერმერების/მწარმოებლების, ლაბორატორიების, მომხმარებლების) გაუმჯობესებული კომუნიკაცია და მონაწილეობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ( შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმის პროცესში;
- მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, უკეთ ინფორმირებული მომხმარებლის და მისი ყიდვის გაცნობიერებული გადაწყვეტილების და ხარისხიან პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის სამიზნე რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.
პროექტის ფარგლებში CSRDG შემდეგ ძირითად საქმიანობას ახორციელებს:
- მონიტორინგისა და ადვოკატირების კამპანიები სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით: შეირჩევა კონკრეტული საკითხები, მოხდება მათი შესწავლა და მოგვარების გზების მოძიება. მომზადდება ანგარიშები, რომელთა განხილვა საჯარო შეხვედრებზე მოხდება. ხელისუფლებისადმი მიმართული რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება პროექტის განმავლობაში. სულ 5 კამპანიის განხორციელებაა გათვალისწინებული.
- სამოქალაქო განათლებისა და მონაწილეობის კამპანია სურსათის უვნებლობის სფეროში: მომზადდება სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა, მოეწყობა საჯარო შეხვედრები სამიზნე რეგიონების ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ჩატარდება ორი სემინარი და კონკურსი მედიის წარმომადგენელთათვის.
CSRDG-ის მიერ სამიზნე რეგიონებში შერჩეულები არიან პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის განხორციელებაში, დაეხმარებიან CSRDG-ის ადგილებზე ინფორმაციის შეგროვება-გავრცელებაში და სამიზნე ჯგუფების მობილიზებაში.
თავის მხრივ, CSRDG უზიარებს რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებს სურსათის უვნებლობის სფეროში თავის ცოდნასა და გამოცდილებას, უზრუნველყოფს ადგილებზე გამოვლენილი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებამდე და მედიამდე მიტანას, ახდენს პროექტის ფარგლებში რეგიონული პარტნიორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციას.
პროექტის მიწურულს CSRDG რეგიონულ პარტნიორებს შესთავაზებს კოალიციაში გაერთიანებას, რომელიც ხელს შეუწყობს მის წევრებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობაში, კოორდინაციაში და დაფინანსების მოძიებაში.