"საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" (NALAG), პროგრამის " სათემო განვითარება საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების/წინადადებების მისაღებად.
პროექტი "სათემო განვითარება საქართველოში" დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის მიერ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასოფლო თემების/დასახლებების მობილიზაციას და განვითარებას საქართველოში.
საპროექტო იდეის წარმოდგენა შეუძლია თემის იმ წარმომადგენლებს, ვინც მიიღო მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში, რომელიც ჩატარდა 2015 წლის 7 აპრილიდან 2015 წლის 10 ივლისამდე, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
კონკურსის მიზანი და ამოცანა:
კონკურსის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა თემში გამოავლინოს საუკეთესო საპროექტო იდეები, რომლის შერჩევის და დაფინანსების შემთხვევაში ხელი შეეწყობა მოსახლეობის ჩართულობას თემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებაში, განხორცილებასა და მონიტორინგში.
საპროექტო იდეა უნდა შეეხებოდეს შედეგ სფეროებს:
** თემის საერთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
** მმართველობით პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის წახალისება;
** ადგილობრივი სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მიდგომების დაფინანსება;
** თემის ინტერესების დაცვა ადგილობროვ ხელისუფლებასთან დიალოგში ჩართვის გზით.
უპირატესობა მიეცემა ისეთ საპროექტო იდეას, რომელიც მოახდენს ფართო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას, დაასაბუთებს ადგილობრივ საჭიროებებთან შესაბამისობას, აგებული იქნება ფინანსურ და მატერიალურ მონაწილეობაზე ადგილობრივი ხელისუფლების და თემის მხრიდან.
გადასაცემი დაფინანსების ოდენობა:
საპროექტო იდეის შეთავაზებისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ მიკრო საგრანტო პროექტის დაფინანსების ოდენობა არ აღემატება 3 000 (სამი ათასი) ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალიუტაში თვითეულ წარმატებულ პროექტზე.
საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ვადა და ფორმა:
** საპროექტო განაცხადების კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.
** პირველ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს საპროექტო იდეის განაცხადი ერთ გვერდზე. საპროექტო იდეის განაცხადში მოყვანილი უნდა იყოს თემის წინაშე მდგარი პრობლემები, გამორჩეული უნდა იყოს ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც განზრახულია წარსადგენი პროექტით და დაგეგმილი საქმინობა. ეს აღწერა უნდა იყოს მოკლე და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
საპროექტო იდეის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათისა. წარდგენა შესაძლებელია როგორც ნაბეჭდი, ასევე ხელნაწერი სახით, ქართულ ენაზე. ერთგვერდიანი დოკუმენტი შეიძლება გაიგზავნოს როგორც ფოსტით, ასევე ელექტრონული საშუალებებით (მათ შორის MMS-ით, ტელეფონის კამერით მაღალი გარჩევადობის გადაღებული სურათის სახით). საფოსტო გზავნილი გამოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე : საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ბინა 65, სადარბაზო V, კოსტავას 75გ, 0171 თბილისი.
ელექტრონული ფოსტა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. | This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
MMS შეტყობინება გამოაგზავნეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 551 101701, 579 844449, 555 314122.
შეფასების და მეორე ეტაპის პრეცედურები:
წარმოდგენილი საპროექტო იდეების განაცხადები შეფასდება პროგრამის ადმინისტრაციის მიერ არაუგვიანეს 2015 წლის 10 ოქტომბრისა. პროექტის გუნდი მხოლოდ წარმატებულ აპლიკანტებს დაუკავშირდება. ამ განცხადებასთან მიმართებაში სატელეფონო ზარები და ელექტრონული ფოსტით დასმული კითხვები არ მიიღება.
შერჩეული საპროექტი იდეის ავტორებს დაეგზავნებათ სპეციალური ფორმები დეტალური პროექტის წარსადგენად.