ლანჩხუთი. 2023 წლის 11 აგვისტო -ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს სასოფლო დარბაზმა“ ორგანიზება გაუწიეს საჯარო შეხვედრას, თემაზე „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოში“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო კონტროლის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას დასაჯარო უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მის წინაშე არსებული გამოწვევები და სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეები წარუდგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და განხილულ იქნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი სისტემური პრობლემებისა მოუგვარებელი რჩება. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მონაწილეობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა ევროკავშირს ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერისათვის და, რაც მთავარია, საქართველოში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისათვის“ - განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.
პროექტმა უნდა გაზარდოს მეწარმეების, მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცოდნა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ და გააუმჯობესოს დაინტერესებული მხარეების კომუნიკაცია და მონაწილეობა სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესში.
ჩვენ გვყავს 45 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე