თბილისი. 2025 წლის 4 მარტი - პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე „თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში“.
CSRDG-იმ თაფლთან დაკავშირებული უვნებლობის საფრთხეებისა და სახელმწიფო კონტროლის საკითხებზე მონიტორინგი განახორციელა. კვლევამ მოიცვა თაფლის უვნებლობის კონტროლის არსებული მექანიზმები, ძირითადი სირთულეები და გამოწვევები. მონიტორინგი ფოკუსირებული იყო ქვეყნის შიდა ბაზარზე თაფლის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.
მონიტორინგის ანგარიშმა თაფლის უვნებლობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები მოიცვა, როგორებიცაა:
მონიტორინგის პროცესში, მოცემულ თემასთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა არსებული ოფიციალური დოკუმენტაცია და ანგარიშები, ასევე, შედგა ჩაღრმავებული ინტერვიუები სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხ თანამშრომელთან.
ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში თაფლის კონტროლისა და უვნებლობის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, აღნიშნული მიმართულებით, ისევე, როგორც, ზოგადად, სურსათის უვნებლობის მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას, რამდენიმე ძირითადი დაბრკოლება ახლავს თან: (1) მეწარმეთა დიდ ნაწილს არ შეუძლია/არ სურს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს დაექვემდებაროს, (2) სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი, რათა სურსათის ბაზარი ეფექტიანად გააკონტროლოს, (3) სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საზოგადოებრივი დაკვეთა სუსტია. ამ „ჩაკეტილი წრის“ გარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორიცა და საშუალებაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ეს ფაქტორი იყო სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ძალა 2010 წლიდან მოყოლებული. რეფორმების განხორციელებაში, თავად ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, ევროკავშირში მოქმედი ორგანიზაციები და სხვა დასავლური აქტორები დიდ დახმარებას უწევდნენ საქართველოს. შესაბამისად, სხვა სფეროებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სფეროში მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და შემდგომი წინსვლისათვის, საჭიროა, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და დასავლელი პარტნიორების დახმარების გაგრძელება.
მონიტორინგის შედეგები დაეხმარება სახელწიფო დაწესებულებებს, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული რეგულაციების შესრულებას შეუწყონ ხელი.
„სამოქალაქო საზოგადოების როლი ადვოკატირების, მონიტორინგის, შესაძლებლობების განვითარებისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის კუთხით გადამწყვეტია, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობის რეგულაციების ეფექტური განხორციელება და მომხმარებელთა ინტერესებთან შესაბამისობა. ამ მისიას ასრულებს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ანგარიში მოითხოვს ოფიციალური კონტროლის სისტემაში ჩართული საჯარო უწყებების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ეს ქმედება, რომელიც მხარს უჭერს მომხმარებელთა ინფორმირებულობას თაფლის უვნებლობისა და ხარისხის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებული მოთხოვნების შესახებ, ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოში სურსათის უვნებლობის მართვის საქმეში.“ - განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა
„დიდი მადლობა იმ დახმარებისათვის, რომელიც ევროკავშირმა წლების განმავლობაში გაუწია ქართულ სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და საზოგადოებას იმისათვის, რომ ქართველ მომხმარებლებს უვნებელ სურსათზე მიუწვდებოდეთ ხელი და მათი ჯანმრთელობა უკეთ იყოს დაცული. ამ დახმარებისა და ევროპული პერსპექტივის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ სამუშაოს შესრულება, რაც აქამდე იქნა გაწეული და რამაც ქვეყანაში ევროკავშირის მოდელის ანალოგიური სურსათის უვნებლობის სისტემის საფუძვლები ჩამოაყალიბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით სვლას და სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმებს. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ საქართველოში ევროპული ტიპის სახელმწიფოს ფორმირებაში, სადაც მოქალაქის, მომხმარებლის უსაფრთხოება მაღალ დონეზე იქნება დაცული“ - განაცხადა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა
აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით
და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების,
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო
ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი
ინფორმაციაიხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-
sakartveloshi/
პროექტის შესახებ
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.
პროექტის მიზანია გაზარდოს მეწარმეების, მომხმარებლების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და მედიის ცოდნა სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ და გააუმჯობესოს დაინტერესებული მხარეების კომუნიკაცია და მონაწილეობა სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესში.
საკონტაქტო პირი:
ნათია მეტრეველი, CSRDG, PR მენეჯერი
ტ.: 599 911 577
ელფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.