საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, საქქართველოს სასოფლო დარბაზმა შეიძინა მარგარინების (გამყარებული მცენარეული ცხიმების) ნიმუშები და ლაბორატორიას ჩააბარა. ნიმუშები შემდეგ მაჩვენებლებზე შემოწმდა: მძიმე ლითონები, აფლატოქსინი B1, პესტიციდები, რადიონუკლიდები, მიკრობიოლოგია.
საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც მარგარინები (გამყარებული მცენარეული ცხიმები) უნდა აკმაყოფილებდნენ. კვლევებმა მოიცვა „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებითა და ნორმებით“ გათვალისწინებულ უვნებლობის მაჩვენებლები. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოწმებები არ ჩატარებულა მარგარინების ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე.
მარგარინი ფართოდ მოხმარებადი სურსათია. იგი მოიხმარება როგორც უშუალოდ მოქალაქეების, ისე საკონდიტროებისა, თუ კვების ობიექტების მიერ. ასე რომ, ამ პროდუქტის უვნებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯამრთელობისათვის.
ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მხრიდან მარგარინების ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლებზე შემოწმებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. 2023-2024 წლებში აღნიშნულ პარამეტრებზე მარგარინების შემოწმება არ მომხდარა.
სასიხარულოა, რომ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა.
შემოწმებები ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.
ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები
პროდუქტის დასახელება: საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი "ლუნა"
მწარმოებელი/ქვეყანა: თურქეთი. იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.05.2024-16.05.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 118, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (შემოწმების შედეგი)
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა კრემისათვის"
მწარმოებელი/ქვეყანა: თურქეთი. დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია"
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 04.06.2024-04.06.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 105, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (შემოწმების შედეგი)